სანამ “ტომ სოიერი” და “ჰეკლბერი ფინის თავგადასავალი” შეიქმნებოდა და სანამ სემუელ კლემენსი მარკ ტვენად გადაიქცეოდა და ეს უკანასკნელი მწერალი ლეგენდა გახდებოდა მანამდე იყო ჟურნალისტი,ჰო,ჟურნალისტი…

„მე ქვეყანას 1835 წელს კომეტა გალეისთან ერთად მოვევლინე… ღმერთმა ალბათ ასე გადაწყვიტა: აი, ორი გასაოცარი, ამოუცნობი მოვლენა“… საკუთარ თავზე, კომეტასა და ღმერთზე ასე საუბარი მხოლოდ ისეთ თავდაჯერებულ და იუმორით სავსე ადამიანს შეეძლო, როგორიც მარკ ტვენი იყო, მწერალი, რომელიც სიცოცხლეშივე იქცა ლეგენდად. ამქვეყნად მოვლინებაზე ისიც კი უთქვამს: „ერთადერთი, რაშიც მამაჩემს გაუმართლა, მხოლოდ ჩემი დაბადება იყო“…

ფსევდონიმი „მარკ ტვენი“ არცთუ ხანმოკლე ჟურნალისტური გამოცდილების გამოძახილია. გაზეთში მუშაობისას გამოუყენებია პირველად. იმდროინდელი ამერიკელი მწერლების მსგავსად, მარკ ტვენმაც „ჟურნალიზმიდან“ გადაინაცვლა ლიტერატურაში. 10-11 წლისა სტამბაში ასოთამწყობის თანაშემწედ მუშაობდა, ანუ როგორც ამბობდა: ყოველდღე აკეთებდა იმას, რის გაკეთებასაც ვერ იტანდა. სამუშაო მძიმე იყო, ანაზღაურების გარეშე, მხოლოდ საკვები და ტანსაცმელი, ისიც გამონაცვალი და დიდი ზომის. სტამბის იატაკზე ეძინა. საერთოდ, გულწრფელობა ადამიანის ერთ-ერთ მთავარ ღირსებად მიაჩნდა. ასე იცხოვრა და არც ის სირთულეები მიუჩქმალავს, რომლითაც სავსე იყო მისი ყოველდღიურობა: „მე მოთხრობილი მაქვს ბევრი საშინელი ისტორია, რომელთა უმეტესობაც თავს გადამხდენია“…

იმდროინდელი პოპულარული გაზეთების მფლობელები მარკ ტვენს საუკეთესო პირობებს სთავაზობდნენ. ორი წელი მრავალტირაჟიანი კალიფორნიული გაზეთის – „იუნიონას“ კორესპონდენტად მუშაობდა, ჰავაის კუნძულებზე. შემდეგ სამთვიანი ლექციების ტურნე გამართა და მთელი ამერიკა მოიარა; კალიფორნიულმა გაზეთმა („ალტა კალიფორნია“) სამივლინებო კრუიზით ხმელთაშუა ზღვაზე გაუშვა, რასაც საჯარო ლექციების ასევე დიდი ტურნე მოჰყვა.

გემზე მუდამ დაჰქონდა წიგნაკი, სადაც მოსმენილ თუ თავს გადამხდარ ამბებს, სკეტჩებს, ანეკდოტებს ინიშნავდა. მაშინ არც კი ფიქრობდა, რომ ეს ჩანაწერები გამოადგებოდა. თავადვე უთქვამს: ლიტერატურა არასოდეს მიტაცებდა. მწერლობის სურვილი არ მქონია, მხოლოდ შემთხვევამ ამაღებინა ხელში კალამი. მწერალი შემთხვევით გავხდიო.

თუმცა, ყველაფერს აქვს დასასრული… ასეთი დასასრული დადგა მარკ ტვენის ცხოვრებაშიც. 1910 წლის 21 აპრილამდე, ერთი წლით ადრე განუცხადებია: „მე 1835 წელს კომეტა გალეისთან ერთად მოვედი. ერთი წლის შემდეგ ის ისევ დაბრუნდება და მასთან ერთად ვაპირებ წასვლას.“ სემუელ ლენგორნ კლემენსი, იგივე მარკ ტვენი, 74 წლის ასაკში გარდაიცვალა… ლეგენდა თითქოს დასრულდა, მაგრამ დღემდე არსებობს…

 

დატოვე კომენტარი