ის და დახეული ჯინსის მანდილი…

ის და დახეული ჯინსის მანდილი…

12235114_1008942885815990_8385911384897118906_n   გადახოტრილი  თმა  ერთზე,  ცხვირზე  ლენონები,  დახეული  ჯინსი  და  კედი უცვლელად,  ხმამაღალი  მუსიკა და  სიცილი-  ქუჩის  კუთხემდე  რომ  აღწევს…  მერე ნაცნობს  შეხვდა,  სათვალე  მოიხსნა,  თვალის  ციმციმითა  და  ლოყების  ჩაჩხვლეტამდე  ღიმილით   შეეგება…

მეგობრები  ამბობენ,  ღიმილიც  შეეცვალა    და  გამოხედვაცო,  მაგრამ  მანამდე   ბანაკის  ამბებს  ყვებიან:  თურმე  პირველივე  დღეს  ოთახებში  ჩამოურბენია  და  ყველა  გაუცნია,  ვის  სიცხე  ჰქონდა,  ვის  შიოდა  და  ეტირებოდა,  ყველაფერი  იცოდა  და  ყველას  ართობდა,  ჰოდა,  ამ  წოწიალში  ცელქი  აზრებიც  მოსდიოდა  შუაღამისთვის, მაშინ,  როდესაც  ყველას  ეძინა,  მეგობრებთან  ერთად  „გაპასტვისა  და  გაქაფვის“ სტრატეგიებს  ადგენდა…  წამოსვლისას  მაინც   ცრემლებით    დაშორდნენ…  ბანაკმა  ყველაზე   „ღიმილიანი“  გოგოს ტიტული  მიანიჭა,    მაგრამ მაშინ  არავინ  იცოდა,  რომ  ხოტორა  გოგონას  ციმციმა  თვალების  დახუჭვისას,  სიბნელესთან ერთად,   ბოროტი  ტკივილი  ისადგურებდა…  მას  შემდეგ,  რაც  მამის  ბოლო ამოსუნთქვა  იგრძნო  და  უმცროს  ძმასა  და  დებთან  ერთად   მარტო  დარჩა,  ისევ  ნანუს,  სანდროს,  სოფოსა  და  იმ  უცნობ  სიცხიანს  ამხნევებდა.  მუდმივად  ამბობდა,  რაც  არა  გვკლავს,  გვაძლიერებსო  და  ერთხელაც   ცხოვრებამ  საჭირო  ადგილას,  მისაბაძ   ადამიანებთან  მოახვედრა…

ამავე  ზაფხულს  ფშავში  წასულა  ხრიდოლიონებთან  ერთად   კარვებით…

ცვრიანი  ბალახისა  და  ცივი  ნისლის  შეგრძნება,  საძილე  ტომარასთან,  არაგვის მჩქეფარება,   ქართულ  ჰანგებში  ჩაქსოვილი  ეროვნული  სული,  ჯინჯილებისა  და  ფარების  ჟღრიალი ცეკვაში,  ლაშარობა,  ხოშაობა,  თამარღელეობა  და  ნუცას  დალალები  გაეზარდა,  ბუნებამ  კაბა ეროვნული  ნაქარგებით  შეუმკო,  ქართულმა ბრძოლის ხელოვნებამ   კი  ღიმილი  და  გამოხედვა  შეუცვალა,  არა,  ისევ  ისე  ბრწყინავს,  უბრალოდ,  სიცილია  უფრო  ჩუმი  და  მზერა- დახრილი  ქვემოთ…

ჰოდა,  ამ  დალალებს  ახლა  დახეული  ჯინსის  მანდილი  ფარავს,  ეს  პირობითად,  თორემ  თავშალი  ჩითისაა,  უბრალოდ,  ნუცაა  ტრადიციული  ქართველი  ქალისა  და   დახეული  ჯინსების  თაობის  ერთიანობა…  როგორც  თვითონ  ამბობს,  ყურადღების   მიქცევას  არ  ცდილობს. ფიქრობს, რომ  მანდილი  არც  მის  დადებით,  ან   უარყოფით  თვისებებს  არ  გამოხატავს,  უბრალოდ,  საკუთარ ცხოვრებაში  ასე  აცოცხლებს  ეროვნულ  ტრადიციებსა  და  ქართველ  ქალს,  რომელსაც   სიძლიერისა  და  კდემამოსილების  თავშალი  ასე  შვენოდა…  ძველის  საფუძველზე ახლის  შენება  უნდა  და  ამ  შენებისთვის  ქვითკირად  განათლებას  იღებს,  თბილისის  სახელმწიფო  უნივერსიტეტში  სწავლობს,  მომავალი  ისტორიკოსია… დაწყებითების  მასწავლებლობა უნდა.

12431747_1085709744802583_2014096199_n

ერთხელაც,   ლექტორთან  გენდერზე   საუბრისას,   კამათი   მოსვლია,  უთქვამს,  რომ ქართველ   ქალებს   ფემინიზმი  არ  სჭირდებათ,  რადგან  ჯერ  კიდევ  საუკუნეების  წინ ჩვენში  არსებობდნენ   ნანა,  თამარი  და  ქეთევან  დედოფალიო.  ჰოდა,  სიტყვას  დიდი აჟიოტაჟი  მოჰყოლია…   ჯგუფელები ყვებიან,  რომ  ნუცას  ყველაფერზე   განსხვავებული  აზრი  აქვს  და  ეს გამაღიზიანებელია…

მეგობრები  იხსენებენ,  ადრე  რომ  გეკითხა,  რაზე  ოცნებობდა,  უცხოეთში  სწავლასა და  თავგადასავლებთან  ერთად,  აუცილებლად  გეტყოდათ,  – ერთი  გამოხედვით ჟრუანტელზე…  ალბათ,  გულის   სიღრმეში  ახლაც  ოცნებობსო,    მაგრამ  ადრე  ვერა  და ახლა  უკვე  შეელევაო.  შეელევაო,  რადგან   საკუთარ  ცხოვრებაში  ოცწლიანი მოგზაურობის  შემდეგ   თავისი  „მე“  იპოვა   და  მიხვდა,  რომ   ბუხართან  შეკრებილი   ბევრი   შვილი  და  მათთან  მოთამაშე  მამა   ბევრად   ძვირფასია.

შეეცვალა  აზრები,  ოცნებები,  ღიმილი   და   გამოხედვაც  შეეცვალაო,-    ამბობენ მეგობრები  და  ცოტა  ბრაზობენ,  მაგრამ  ისიც  არ  ავიწყდებათ,  რომ  მათთვის  ნუცა ისევ  ის  ნუცაა,  დახეული  ჯინსითა  და  ლენონებით…

ჰოდა,  ახლა,  მის  აწმყოში,   ცეკვისა  და  სიმღერის  გაკვეთილებია,  ცივ დარბაზში.  სანამ   ხრიდოლიონები  ქართული  ბრძოლის  ხელოვნებას  ეუფლებიან,  ცივი  ორთქლის წანამძღვრებით  ეროვნულ  ჰანგებს  უშვებს  გულიდან  და  დარბაზსაც  მტკიცე  ჩაკვრებით   უვლის…

ხშირად  ბიჭებსაც  შემოგვიძახებსო,  ძლიერი გოგოა,  დამსახურებულად  მიგვიძღვება  მედროშედო.  სულ   ვაბრაზებთ  და  ისიც  არ  აყოვნებს  მწარე-მწარე   პასუხებსო…  არ  ვეუბნებით,  მაგრამ  ბევრს  ვსწავლობთ მისგანო…

სახლში  ოთახი  აქვს   წინაპართა  ფოტოებით,  კიდევ ძველი,  სპილენძის    ნაკეთობებით,   კედელზე   ქართული  ფარ-ხმალი  კიდია  და   წიგნის  თაროებია, განსაკუთრებულად   დიდი.  ერთ  კუთხეში,  ფანდურის  გვერდით,  პატარა  ჩოხა, ტალავარი  და  ნაქარგი  ტომარა  მიუწყვია-  ნუცას  ნაკეთობებია,    ბევრი გაუჩუქებია,   ბევრიც   დაუსრულებელია,  თურმე  ბოლო  წამამდე  მიჰყავს  ყოველთვის  საქმე…

10653990_1085709731469251_1856602377_n

ნაციონალური   სამოსის  კერვა  ისწავლა, უნდა,  ტრადიციული  სიმდიდრე  ყველასთვის   ხელმისაწვდომი   გახადოს   და   ხრიდოლიონებიც  თვითონ  შემოსოს-ეს  პრობლემა  მაინც  გადაუჭრას  ნუკრის.  ნუკრი  ბიძამისია,    ქართული ბრძოლის  ხელოვნების  გამგრძელებელი  და  ხელმძღვანელი,  პრეზიდენტა  შეარქვეს   და,  ზოგადად,  „ახალი  ნუცას  შემოქმედია“. მასთან  ერთად  დადის  ფშავში  ადგილობრივი  პატარების  მოსამზადებლად,  დაყვება  კულტურულ  ღონისძიებებზე  და  ორგანიზებაშიც  ეხმარება.  გოგოსთვის  ნუკრი  მისაბაძი ადამიანია…  პრეზიდენტა ნუცას  არ  ეუბნება,  მაგრამ   ამაყია  მისით…

კითხულობს  წიგნებს  და  ბავშვობიდან  საყვარელ  ფრაგმენტებს  იწერს, ბევრი  დაუგროვდა…  იწერდა  საკუთარ  ფიქრებს,  მაშინაც  და  ახლაც-    განსხვავებულიაო. ფიქრები  ერთმანეთს  ენაცვლებიან, მაგრამ  ადამიანები    არაო,  ემოცია  არაო,  მეგობრობა  არაო…   უბრალოდ,  ახლა  არიან  ის  და    დახეული  ჯინსის  მანდილი…

ანტიკას თანამედროვე ბანალურობით ღვიძავს…

ანტიკას თანამედროვე ბანალურობით ღვიძავს…

Kyle Hagler

კამერა  თეთრი,  დიდი  დარაბებიდან  ოთახში  შედის… ანტიკას  ღვიძავს…  თეთრი  ქვის ფიგურები  ადამიანის  გამოსახულებით  და  მხოლოდ  ერთი  ქმნილება  ადამიანისგან,  ოსტატი ამ  ერთადრეთთან  და  მისი  მზერა,  შეხება…  ეძებს  იმ  ერთადერთ  სილუეტს,  რომლის  ცივ ქვაშიც  მცხუნვარე  ემოციას  იგრძნობს…  თეთრ,  დიდ  დარაბებიან  ოთახში  გამოფენაა,  შავ-თეთრი  კადრებისა  და  ფერადი  ნახატების  გამოფენაა…  ფოტოგრაფი  ადრენალინს  ეძებს ნეგატივში… თეთრ,  დიდ  დარაბებიან  ოთახში  ზღვაა,  რომლის  ტალღებიდან  ქალთევზებს გამოაქვთ  სველი  წერილები,  სველ  ოცნებებთან  და  ტკივილთან  ერთად… წერილებში  ანტიკას  თანამედროვე  ბანალურობით  ღვიძავს…

მე  წაგიყვან  გაზაფხულის  ზღვაზე,  მოგიყვები  გაზაფხულის  ამბებს  და   გაზაფხულივით გიჟურად  მეყვარები… მეყვარები  ატმის  ფოთლებად  და  ტალღის  ხმაურად,  მზის  სიწითლედ და  ნაზ  შეხებად  მეყვარები… მეყვარება    შენი  თვალები- სულ  რომ  მეკეკლუცებიან,  ღიმილი-ზემოთ  რომ  გიწევს  ლოყებს,  ცხვირი  მეყვარება,  მზეს  რომ  აუქერცლავს  და   თმა- ქარში  რომ  აბურდულა… ძვლები  მეყვარება  შენი,  აი  ის  ძვლები,  კისერს  რომ  მიუყვება  მკერდისკენ, ჩახუტებისას  იზნიქებიან  ზევით,  ჩემკენ… თითები  მეყვარება  შენი,  ჩემი  პირველი  შეხება შენს  სხეულთან…

მიყვარხარ  გაზაფხულად,  ტალღის  ხმაურად,  აღმაფრენად  და  კივილად  მიყვარხარ, ტკივილად  მიყვარხარ… იქნები  ყოველთვის  მარტო  ჩემი  სიგიჟის  გაზაფხული,  არსად გაგიშვებ…

4.05.2015/ძვ.წ 737… უცხო

უცებ  გამახსენდა  უცხო… იყო  მარტო  ერთხელ,  ბუნდოვნად,  ხმაურში,  სასმელსა  და  ზღვის ტალღებში.  იდგა  შორს  და  ამდენ  ხალხში  მე  ვიგრძენი  მისი  თვალი,  უცნაური,  გასული  და ღრმა,  ეშმაკუნებით… სიმღერა  ერთი,  ორი,  სამი… გულის  დაღლამდე  ცეკვა  და  თავბრუსხევა. ლამაზი  ფერები…  სიშორე  ხალხთან  და  ამ  მარტოობაში  მისი  შორი  მზერა,  შემდეგ მოახლოება  და  ახლო  მზერა… ღიმილი.  მოცეკვავე  ხალხში  უძრავად  დგომა  და    თვალები  ჩემკენ,  ისევ  ღიმილი.  არ  ვიმჩნევ,  შუაღამეა  უკვე,  წინ  მიდგას  და  მომჩერებია.

– გიჟი  ხარ?  მითხრა,  რომ  კი…

– და  შენ?  ვპასუხობ,  რომ  არა…

ღიმილი (მიხვდა,  რომ  მოვატყუე )… სხეული  მუსიკას  მიჰყვება,  უცხო- მე,  უკან  ვიწევ, ისევ მომყვება.  ყურთან  სიტყვების  გრძნობა:

–  მოვწიოთ? – არა. – კაი,  არც  სიგარეტი? – არა. – წამო,  დავლიოთ!  – არ  მინდა!  იცეკვე. – ეგ  მე  არ მინდა. – აბა  აქ  რა  გინდა? – შენთან  მინდა!

წასვლა  დავაპირე… მისი  ხელი  შეეხო  ჩემს  ყვავილიან  კაბას,  შეეხო  ხელს…  თვალი  დარჩენას  მთხოვდა,  კაბა  გაშრიალდა  გარეთ…

უცებ  გამახსენდა  უცხო… იყო   ბუნდოვნად,  ხმაურში,  სასმელსა  და  ზღვის  ტალღებში… იყო  მარტო  ერთხელ,  თავბრუდამხვევად,  დაუვიწყრად…

14.07.2015 /ძვ.წ 525 …უცხო

მოდი,  როდესაც  მოგენატრები,  ახლოს  არ  მოგიშვებ,  მაგრამ  მაინც  მოდი…

არასდროს  ამიშლის  ნერვებს- მოსაწყენი  იქნება  ჩემი  ცხოვრება  მასთან…

კარგია,  როდესაც  ცუდად  ხარ,  უკეთესი  კარგად  ყოფნაა,  მაგრამ,  როდესაც  საერთოდ  არ  ხარ,  არ  ვიცი  როგორია…  ალბათ,  ცარიელი…

ერთხელ  მინდა,  რომ  მეც  ვიყო  სუსტი  და  სისუსტე  ღირდეს…

მეშინია…  მარტო  ვარ…   დავიღალე…  მეზიზღება…  მენატრება…  მიყვარს…   გამიღიმა… ველოდები…  ვიტან…

ადამიანს,  რომელიც  არას  ამბობს,  კის  თქმის  ეშინია…

ვერსად   ვიპოვე  ადგილი   ჩემთვის…

მოდი,  ვისუნთქოთ  ერთად  ჩვენი  ჰაერი  და  არა  სხვისი… მოდი,  გვენატრებოდეს  ერთად  ჩვენი  ჩახუტება  და  არა  სხვისი… მოდი,  გვიყვარდეს  ერთად  ჩვენი  სიყვარული  და  არა სხვისი… მოდი,  ვიცხოვროთ  ერთად  ჩვენი  ცხოვრებით  და  არა  სხვისით…

29.11.2015/ძვ.წ  329… უცხოები

გაშეშებული,  თითქოს  პირველად  დაინახა  საკუთარი  სახე…  საკუთარი  სხვისი თვალებით… ფოტო.

–  ავტორი.

–  პერსონაჟი…

(ნანუ   აცრემლებული  თვალებით  უყურებს  ფოტოს,  უცხო  კი- მის  გვერდით  მდგომ  რაღაც უხილავს…  უცნაური   შეგრძნებაა…  როგორ   ძლიერ   ხმაურობს  სიჩუმე,  თეთრ  გამოფენაზე…)

–  ვიცოდი,  რომ  მოხვიდოდი…

–  რომ  არ  მოვსულიყავი?

– მე  მოვიდოდი…

–  სად?

–  უკან  ფოტოში,  გაჩერებულ  წამში…

–  მე   ავაჩქარებდი  წამს  და  ვერ  დამეწეოდი…

–  ეს  წამი  ჩემი  ნეგატივია,  ფირია  პოზიტივით  შენში…  კვლავ   შეგაჩერებდი…

–  შენ   გარეშე   ვარ…

–  ჩემით  შექმნილი,  ჩემ  გარეშე?!

–  იქნებ,  არ  არსებობს  არც  ეს  ღიმილი  და  არც  ეს  გამოხედვა,  მერე?

–  მე   გავაარსებებდი  შენში…

–  ეს  მე  ვიყავი  შთაგონება…

ნანუს  ხელს  უცხოს  თითები  შეეხო…

–  ხელზე  პატარა  ძარღვი  გითამაშებს.

–  ხო,  მოუსვენარია,  შენს  ცელქ  ძარღვს  ეძებს..

–  ჩემსას  ეშინია,  იმალებახოლმე…

–   დამალვას  არ  დააცდის  გული,  ამოხეთქავს… მანამდე  არ  გაგიშვებ…

–  რა  მემართება?

–  უჩემობა  აღარ  შეგიძლია…

მსოფლიოს  პირველი  ფოტო  რვასაათიანი  ექსპოზიციით,  შემდეგ  დასული  4-5  წუთამდე  და ახლა  წამი,  ჩვენი  ფოტოწამი… თავბრუდამხვევი…  საკაიფო…

7.12.2015/ძვ.წ 115…უცხო

კამერა  თეთრი,  დიდი  დარაბებიდან  ოთახში  შედის…  ანტიკას  ღვიძავს.  ოსტატი  ცივი  ქვის ფიგურებში  ისევ  ეძებს  სითბოს,  მიქელანჯელო  ისევ  მარხავს  თავის  ქანდაკებებს  და თავიდან  თხრის  მიწას  ანტიკური  ქმნილების  პოვნის  სიხარულით,  ფოტოგრაფი  შავ-თეთრ კადრებში  პოვებს  ადრენალინს,  ანადგურებს  ფირებს  და  ახალ  ნეგატივს  იღებს…  დარაბებიან ოთახში  ისევ  არის  ზღვა,  ოღონდ  ამ  ზღვაში  სისხლიანი  მიწიდან  შესვლას  უფრო  მეტი  ცდილობს,  ტალღებიდან  ქალთევზებს  კვლავ   გამოაქვთ   სველი  წერილები,  სველ  ოცნებებთან  და  ტკივილთან  ერთად… წერილებში  ანტიკას  თანამედროვე  ბანალურობით ღვიძავს…

მოვიწყე მუნკის „ყვირილი“ ჩემთვის…

მოვიწყე მუნკის „ყვირილი“ ჩემთვის…

1. ფონი  იყო  იასამნისფერი, წითელ,  ლურჯ  და  ღია  ვარდისფერ  პასტელის  ფერებში  ირეოდნენ   სილუეტები.  ხმაურობდა  გამოსახულება…  უცებ  მოვიწყე  მუნკის  „ყვირილი“  ჩემთვის…  ისე,  როგორ  მიყვარს  ეს ნახატი,  ვუყურებ  და  ჩემი  ამოძახილია.  ჰოდა,  ამ  სილუეტებში  ვიყავი  დაკარგული  მარტო,  ჩემ   თავს  ვერ  ვხედავდი,  უბრალოდ,  ფიქრები  მესმოდა  საკუთარი,  ეს  ფიქრები  აქაც  არ  მანებებდნენ  თავს…  იცი,  ხშირად   ვფიქრობ  ხოლმე,  რომ  ფიქრი,  ყველაზე დიდ  ძღვენთან  ერთად,  უფრო დიდი  სასჯელია  ღმერთისგან, ჩემთვის  გამოგონილი… ჰოდა,  ეს  ფიქრი  იყო  გაურკვევლობის,  მცირედი  შიშისა  და  ცხოვრების  დავიწყების,  მტკივნეული  მწუხარების,  რომ  აღარ  მახსოვდა  საკუთარი  სახე,  აღარც-  მამა  და  აღარც  ნაყინის  გემო  აღარ  მახსოვდა,  უბრალოდ,  მონატრებას  ვგრძნობდი,  ვფიქრობდი,  ნუთუ   ასე  მალე  დასრულდა  ყველაფერი-მეთქი…  დამშვიდობებაც  ვერ  მოვასწარი…  ეს  ფიქრი  რაღაც  გაურკვეველი  სინანული  იყო,  სინანული  სამუდამოდ  მორჩენისა…  ვეღარასდროს  დავბრუნდებოდი…  მერე  ამ  ფიქრებში  ჩემი  სახელი  მომესმა, ანანო!  ერთხელ,  ორჯერ,  სამჯერ  და  თვალიც  გავახილე.  ისევ   აქ  ვიყავი,  ცხოვრებაში, ძირს  ვიწექი  და  წრეზე  მეგობრების  შეშინებული  თავები  დამცქეროდნენ.  როგორ   მოვხვდი  იატაკზე?!   მოიცადე,  გავიხსენებ…  რაღაც  თამაშში  ჩავები,  ფეხზე  ვიდექი,  სუნთქვა  შევიკავე, იო-  იომ  კისერზე  მაგრად  მომჭიდა  ხელი  და  მითხრა,  როდესაც  ჰაერი  აღარ  გეყოფა,  ხელით  მანიშნე  და  გაგიშვებო,  ჰოდა,  მეც  ავდექი  და   არ  ვანიშნე,  მაინტერესებდა,  რას  ფიქრობდა  ჩემი  გონება  ჰაერის  გარეშე.  ჰოდა,  გამწვანებულმა  ძარღვებმა  მომაშორეს  რეალურ  სივრცეს  და  უცებ  აღმოვჩნდი,  არ  ვიცი  სად…  მეგობრებმა  დამიძახეს,  ძალით  დამაბრუნეს,  არ  გამიშვეს… ისტერიული  სიცილი  ამიტყდა,  სიხარულ-სევდანარევი  სიცილი,  რომ  ჯერ  კიდევ  არსებობდნენ  მეგობრები,  მამა  და  ნაყინი,  ანუ  დაბრუნება  ღირდა,  მაგრამ  მე  იქ  მივატოვე  მუნკი,  ის  ტკივილიანი  შვება,  რომლის  ნაწილიც  გავხდი…

ჰოდა,  ავდექი  და  წამოვედი  სახლში,  მოვუყევი  დედას  და  გამიბრაზდა,  მეორეჯერ  ასე  აღარ  მოიქცეო.  ჰოდა,  მეც  აღარ  მოვქცეულვარ,  არა  იმიტომ,  რომ  დამჯერი  ვარ,  უბრალოდ, ყოველდღე  მუნკთან  დაბრუნება    შეუძლებელია.  კარგია  წინ  და  უკან  სიარული,  მაგრამ ერთხელაც  აღარ  გამომიშვებს  „ყვირილი“  და ვეღარასდროს  შევჭამ  შოკოლადს  დედასთან  ერთად…

  „ყვირილში“  მოგზაურობამ  ერთხელ  კიდევ  მომიტანა  ღვთის  სასჯელი-    ფიქრი  და მიმახვედრა,  რომ „ სუსუ“  ცოტა,  ის,   რაც  ღიმილში,  ჩახუტებასა  და  თავისუფალ  სუნთქვაში გამოიხატება,  „ყვირილს“  არ  აქვს  და  არის  მხოლოდ  აქ,  ჩვენთან,   გიჟ-ბოროტ  ცხოვრებაში და  ის  ძალიან  ლამაზია…    ისე,  თუ   ძალიან  მომინდება  „ყვირილსაც“  ვიპოვი  ჩვენთან  და ორივე  ერთად  მეყოლება.  ხო,  შესაძლებელია,   სხვა  თუ  არაფერი,  „ყვირილიც“  ხომ  ამ ცხოვრებამ  შექმნა  მუნკის  ხელით?!  ამ  ცხოვრებამ   კიდევ   მიქელანჯელოს  „დავითი“  შექმნა, თავისი  გენიალური  ქვისძარღვიანი  ხელით,  ხო,  იმ  ძარღვით,  მე  რომ  გამამწვანა  და  მუნკთან  მამოგზაურა.  კიდევ  შექმნა  გზა,  ჩემი  სვანეთის  კოშკებიდან  პირამიდებამდე  და  ირგვლივ,  კიდევ  ილია  გვაჩუქა   „მგზავრის წერილებით“   და   მიხეილ  კალატოზიშვილი-  „ჯიმ  შვანთეს“  დაუვიწყარი  კადრებით.  ასე,  რომ,  მგონია,  სულ   უაზრობაც  არ  ყოფილა  აქ  ხეტიალი  და  ფიქრიც  არ   ყოფილა  ბოლომდე  სასჯელი,  უბრალოდ,   ხანდახან   მოუსასჯელებს  ხოლმე,  როდესაც  გამამწვანებს  და  ისევ  დაბრუნებას  მომანდომებს  მუნკთან…

კულისებსმიღმა დაკარგული მე…

კულისებსმიღმა დაკარგული მე…

11156409_1828201767405408_3834037605851514846_n  ოთხი  წლის  “მე”  ჯეირანის  შავ  კაბაში, თითებზე  მიმაგრებული  წითელი  ფატა და  წელზეც ასეთივე  ფერის   ჯინჯილები, ახლაც  მახსოვს  მათი  ჟღარუნის  ხმა  ჩემს  გულისცემასთან ერთად  და  დედის  სიტყვები  კულისებიდან, რომ  არ  უნდა  შემშინებოდა  და  ოპერის  დიდი სცენა,  მაყურებლებთან  ერთად,  პატარა  „მე-ს”,  ჩემი  მშობლებისთვის  გამართულ  კონცერტად უნდა  წამომედგინა. სცენაზე  გასვლის  შემდეგ  ამ  დღიდან  აღარაფერი  მახსოვს, გარდა ათასფერად  მბზინავი  თვლებისა  ხალხის  ნაცვლად…

რვა  წლის “ მე-ს”  უკვე  მხედრულის  აბჯარი  მქონდა  ასხმული  ფილარმონიის  დიდი საკონცერტო  დარბაზის  კულისებში, მაგრამ  ისევ  ისე  ვგრძნობდი  მუხლების  კანკალსა  და გულის  სიჩქარეს, როგორც  პირველი  გამოსვლისას  და  ვიხსენებდი  დედის  სიტყვებს, ისევ ფერადად  ბრწყინავდა  ხალხი…

ვერ  მივეჩვიე, დაუსრულებლად  იწვევდა  ღელვას  ნაბიჯი  კულისებიდან  სცენამდე, იქ  კი საერთოდ  ყველაფერი  მავიწყდებოდა, ხალხიც  და  საკუთარი  თავიც, მუსიკას  რიტმებში ბოლომდე  მივყვებოდი, მერე  რა  თუ  ფეხი  მეშლებოდა, ხასითი  ცეკვავდა  დაუსრულებელი სიხარულით  და  ცეკვა  შეცდომებსაც  მპატიობდა…

თორმეტი  წლის  „მე-ს”  ბოლოს  მახსოვს ,რომ  კიდევ  იყო  ერთი  „მე“ , მერცხლისკუდიანი თვალისმოხატულობით, გრძელი  ნაწნავებითა  და   თბილისურის  თეთრი  კაბით,  სცენაზე გასვლამდე   სარკის  წინ  რომ  იდგა  მოცეკვავე  და  ყველაზე  გულწრფელ  პორტრეტს უყურებდა  დაუსრულებელი  ემოციით…ამბობენ, ეს  ემოცია  შენში  აღარასდროს  დაგვინახავსო და  მართლაც, ცეკვის  დასრულებასთან  ერთად  დასრულდა  ისიც…

ამ  დღის  შემდეგ  აღარასდროს  მქონია  ფეხის  თითები  ლურჯი, აღარც  შავი  ცეკვის  ჩუსტები გაუთეთრებია  სცენის  მტვერს, აღარ  მიგრძვნია  დაუსრულებელი  აღმაფრენა  და  აღარც -გულისცემა  კულისებს  მიღმა, და  საერთოდაც  შეწყდა   ჩემი  გულისცემა  მაშინ …

რეალურად  ვეღარასდროს, მაგრამ  სიზმრად  ისევ  ვნახე  სცენაზე  გასვლის  ბოლო სიუჟეტი, ოღონდ  უკვე  ვიყავი  დიდი  და  თეთრი  კაბაც  იყო  უფრო  გრძელი, ისევ  მიყურებდა სარკიდან  „მე“, ამჯერად  დაუსრულებელი  სიცარიელით, თვალები  ტკივილით  არჩევანს მაყვედრიდნენ, არჩევანს  მდიდრულ  მომავალსა  და  სულის  ცეკვას  შორის …

მაშინ  სიმძიმით  გამომეღვიძა  და  ეს  სიმძიმე  დღემდე  მოჰყვება   ყველა  ჩემს  ნაბიჯს…

ოცი  წლის  „მე“  ახლა  უკვე  იშვიათად  ვცეკვავ, თუმცა  ყველაფერს  მირჩევნია  მუსიკის ნოტებს  სხეულის  აყოლება, მაგრამ  პროტესტი  მაქვს  საკუთარ  „მე-სთან”
, რომ  წამართვა დაუსრულებელი  აღმაფრენა   და  სირცხვილიც  მაქვს, რომ  ცეკვასთან  ერთად  საკუთარი თავიც  მივატოვე  და  ახლა    მიძნელდება  უკან  დაბრუნება, ვაითუ,  ვეღარ  მიცნოს  სცენის მტვერმა  და  აღარ  ამიჩქაროს   კულისებმა  გული …

სხვას  არაფერს  შევცვლიდი  წარსულიდან, უბრალოდ  დავბრუნდებოდი   იმ  ბოლო  დღეს სარკის  წინ  და  დაუსრულებლად  ვიცეკვებდი, ვიცეკვებდი  დაუსრულებელი  ემოციისთვის  და  ყველაფერს  დავთმობდი, რომ  სამაიას  სინაზეში, მხედრულის  ჭენებასა  და   აჭარულის სილაღეში  საკუთარი  თავი  დამებრუნებინა…