რკინის მოლეკულები

რკინის მოლეკულები

თამაშობდა   ძარღვი,  სადღაც   გარბოდა,  იმალებოდა,  იპოვეს   ბოლოს.  რკინის   ცივი,  უცხო სხეული   ვიგრძენი   ხელთან   და   თვალი   ავარიდე,  მინდოდა,   უბრალოდ  მეგრძნო, როგორ მიჰყვებოდა   რკინის   ცივ   სხეულს  ჩემი   რკინის   მოლეკულები  და   მეფიქრა,  მერე აღმოჩნდებოდა   ვისთან.  ვგრძნობდი,  როგორ   იტუმბებოდა   ჩემი   ნაწილი  და   ეს   გაცემა მახსენებდა,  რისთვისაც   ვცხოვრობ…

თუ   სწორად   მახსოვს,    400   გრამი   წითელი  წყალი   უნდა   აეღოთ   ჩემგან,  მაგრამ   ექთანს დროც   გაეპარა   ჩემი   ძარღვივით   და   ტუჩი   გამილურჯდა,  მაგრამ   გული  დამიმშვიდაა,  რადგან   მივხვდი,  რომ   ეს   გაცემა   იყო   ნორმაზე   მეტი   და   სხვისი  დღეებისთვისაც მეტი.  კიდევ  ერთხელ   გამახსენდა,   რისთვისაც   ვცხოვრობ…

ოთახში   შემოვიდა   ბიჭი,  მკითხა:  – გეშინია?  –  ვუპასუხე,   რომ   არა!  არ   დააყოვნა   და მითხრა,   რაღაც   არ   გეტყობაო.  რისი   მეშინოდა,   ჯერ   არ   ვიცოდი,  მაგრამ,  მგონი,  იმ   დროს   მკითხა,  როდესაც   ვფიქრობდი,  რომ   ჩემი   რკინის   მოლეკულები   უცხოსას შეუერთდებოდა,  მერე   გააძლიერებდა,  დაუბრუნებდა    გრძელ   ნაწნავებს,  გარუჯულ   კანსა  და   სხივიან   თვალებს.   მერე   ვფიქრობდი,  რომ   უცხოს   არ   ეცოდინებოდა   ჩემზე,  მე –  მასზე    და   მაინც   იქნებოდა   ჩვენი   საერთო   რკინის   მოლეკულები,  რომლებიც  ერთმანეთს გვაგრძნობინებდა,   ერთობას   გვაგრძნობინებდა.   ისევ   გამახსენდა,   რისთვისაც   ვცხოვრობ…

მერე   ბიჭის   სიტყვებზე   დავფიქრდი,  რისი   მეშინოდა   ნეტავ?  არა,   რკინის   ცივი,   უცხო სხეულის   არა,  რკინის   მოლეკულების   პასუხის   მეშინოდა,  თან   ვფიქრობდი,  ვაითუ,   არავის გამოადგა   და   დავკარგე   შეგრძნება,   რისთვისაც   მიცხოვრია-  მეთქი,  თან   ეგოიზმმა ამომძახა,  რას  ჰქვია,   ნაწილი   წაიღეს   ჩემი   და   უაზროდ   გადაღვარონ,  ჩემში   ბევრი   „მე“- ს   მოსმენის   შემდეგ   მივხვდი,  რომ   ბიჭი   მართალი   იყო.  მე   მეშინოდა,  ოდესმე   სხვისი  რკინის   მოლეკულები   უკვე   ჩემსას  არ   შერეოდა,  რომ  ოდესმე  დავემშვიდობებოდი  ნაწნავსა და   გარუჯვას   მზეზე,  თან   როგორ   მიყვარს.  მერე   მეშინოდა,  ვნახავდი   დედას თვალცრემლიანს   და   მამას   გაყინული   მზერით,  ოღონდ   მომღიმრებს,   ჩემს   სანუგეშოდ…  და   მივხვდი,   ღირს   ცხოვრება   იმისათვის,  რომ   სხვისი   შიში   გაიზიარო,  შეუმსუბუქო უცხოსა   და   შეიმსუბუქო   შენც…

არ   მიყვარს   წამლები   და   მანამდე   არ   ვსვამ,  სანამ   ტუჩი   არ გალურჯდება.  მეგონა,  არასდროს   მეშინოდა   რკინის   მოლეკულების   გათეთრების   და   სხვა  მძიმე „ფერადოვნების“  ჩემში,  მაგრამ   ორ   დღეს   მოუსვენრად   ველოდი  კოლბებით   სავსე   ოთახიდან   პასუხს .ბოლოს   მითხრეს,  რომ   ჩემი   რკინის   მოლეკულები   ჯერ   კიდევ   წითელია   და  ვარგისი სხვისთვის.

გამიხარდა,  რომ   არ   გადაასხეს,  გამოადგათ,  მაგრამ   ამ   სიხარულისთვის   დამნაშავედ ვიგრძენი   თავი,  რადგან   უსამართლობაა,   შიში,   მხოლოდ   ზოგს   გაუმართლდეს,  როგორ აარჩიეს   უცხო,  რითი,  რომ   მე   უნდა   დავრჩე , ის   კი   წავიდეს?!

…  არა,  გზიდან   მოვაბრუნებთ,  რადგან   ჯერ   კიდევ   ვართ   დარჩენილნი,  ვისაც   შიში   არ გაგვიმართლდა,  ჯერ   კიდევ   ვართ    წითელი   რკინის   მოლეკულებით,  რომლებიც   შეღებავს სხვის   თეთრს   და   მერე   ფერებად  აღარავინ   დავიყოფით…

 

დატოვე კომენტარი