ბევრი მე

ბევრი მე

10362616_839567452750148_7218556576933852425_n

საკუთარ  ცხოვრებაში  ოცწლიანი  მოგზაურობის  შემდეგ, ისევ ჩემი „მე“-ს  ძიებაში…

ჯიუტი  დამთმობი, წყნარი  ბრაზიანი  და  უკარება  მოსიყვარულე, რეალისტი  მეოცნებე  და  უაზრო  აზრიანი… ჩემში  ბევრი  „მეა“  და  ყველა  თავისას  უბერავს, ეს  ყველა  კი  მე ვარ, ანანო,    ჩემებისთვის  ნანუ… ეს  ნანუ  ბედნიერია:  მყუდრო  ოჯახით, ფერადი  მეგობრებითა  და სპონტანური  სიგიჯეებით, ღიმილისა  და  ჩახუტების  ემოციით, კარავში გაღვიძებით, მუსიკის ჰანგებს  სხეულის  აყოლებითა  და  ფოტოების  ჩხაკუნით… ჰოდა, კიდევ , როდესაც  ჩემი  ბევრი „მე“  თანხმდება  და  აღარ  ყვირის…

ოცნებებში  საკუთარ  ცხოვრებაში  მოგზაურობას  ვცდები  და  ჩემი  სვანეთის  დიდი კოშკებიდან,  ეგვიპტის  პირამიდების  გავლით,  მთელ  სამყაროში ვხეტიალობ…

მიზიდავს  ბერმუდის  სამკუთხედი და  ყველა  საიდუმლო, მჯერა  ზღაპრებისა  და სიცოცხლისა  და  სიკვდილის  ბოლომდე   ერთი სიყვარულისაც მჯერა…

ჩემს  ყველა  „მე“-ს  უყვარს  შიშის გადალახვა, მაგრამ  ყოველ  მათგანს  ყველაზე  მეტად ზვიგენის  ეშინია  და  არცერთს  აქვს  სურვილი, ზვიგენებით სავსე   ყურეში  შესვლის… კიდევ  „ერთად“  დარჩენისა  და  დაჯერების  მეშინია. და კიდევ  და  კიდევ  მეშინია  რაღაცების…

და  კიდევ  და  კიდევ  არის  ჩემში  ყველაფერი, რადგან  ამდენ  „მე“-ზე  მოყოლას ამარტივებს… აღარ გავაგრძელებ „მეები“ ვერ თანხმდებიან…

მესამე  კლასის  შემდეგ  საკუთარ  თავზე  აღარ  მიწერია, არა, აშკარად  განსხვავებულად  ვწერ თორმეტი  წლის  შემდეგ  და  ამავე  დროის  გასვლით  მომავალშიც  სხვაგვარად  დავწერ… ჰოდა, მანამდე, სანამ აწმყოში ვართ  და თუ   ბევრი „მე“-ს  მოსმენა  გინდათ,  ნანუს  ბლოგებში მეძიეთ  და  გამიცანით…

P.S  ერთი  უცნაური  ამოჩემება  მაქვს, მინდა  გაღიმებული  მოვკვდე…

დატოვე კომენტარი